სირია

რუსეთის თავდაცვის უწყება: თურქეთის და სირიის ძალებს შორის ჩვენი ჯარისკაცები პატრულირებენ

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ.

მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. სამინისტროს თქმით რუსი ჯარისკაცები თურქეთის არმიასთან კოორდინაციაში მონაწილეობენ.

თურქულ ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა ორ ქალაქთან, რას ალ-აინთან და მანბიჯთან ახლოს. ორივე ტერიტორიიდან აშშ-ის ძალები უკვე გავიდნენ.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს.

ერდოღანის თქმით ოპერაციის დაწყებიდან 109 კვადრატული კილომეტრი აიღეს, მათ შორის 21 სოფელი და ქალაქი რას ალ-აინი, ხოლო ქალაქ თელ აბიადს ალყა შემოარტყეს. მიუხედავად ამისა, სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერები ირწმუნებიან, რომ რას ალ-აინზე თურქეთის შეტევა მოიგერიეს და მათი ძალები ამჟამად მხოლოდ გარეუბნებში არიან.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი ქურთი მებრძოლი. თურქეთის მხრიდან საუბარია 4 დაღუპულ თურქ ჯარისკაცზე და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების მხრიდან 16 დაღუპულ მებრძოლზე.

გაეროს ინფორმაციით ბრძოლების დაწყების გამო საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა 160,000-მდე ადამიანს.

პარასკევს ელ-კამიშლიში ერთ-ერთი ასეთი საპატიმროს თურქული ძალების მიერ დაბომბვისას 5 პატიმარი გაიქცა.

გარდა ამისა სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს ბანაკები, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ოჯახის წევრები, მათი ცოლები და შვილები არიან მოთავსებული. თურქეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ აინ ისსას ბანაკში ამბოხება დაიწყო. ცეცხლი წაუკიდეს კარვებს და მოარღვიეს ღობეები. შედეგად ბანაკიდან 500-ზე მეტი ადამიანი გაიქცა.

თურქეთი ამბობს, რომ ოპერაციის პერიოდში დაკავებულ ტერორისტებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებს და ქურთებს ციხეების დაცარიელებაში და პატიმრების გატაცებაში ადანაშაულებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ პენტაგონს ჩრდილოეთ სირიიდან 1,000-მდე ჯარისკაცი გამოჰყავდა, რადგან თურქეთი სამხედრო მოქმედებებს უფრო ღრმად ახორციელებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი თქმით თურქეთი ოპერაციის გაგრძელებას დასავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზეც გეგმავს და შედეგად აშშ ორ არმიას შორის არის მოყოლილი, რის გამოც თავდაპირველი გადაწყვეტილება, ჯარისკაცების ნაწილის დატოვების თაობაზე შეიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. ჟურნალისტებისას საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძოდნენ, პირველ რიგში საკუთარი მიწისთვის იბრძვიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს. მან უკვე თქვა, რომ კონგრესმენებთან ერთად თურქეთისათვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

კომენტარები