ჰოლივუდი

Jackie Brown-ისა და Breaking Bad-ის მსახიობი რობერტ ფორსტერი გარდაიცვალა

Jason LaVeris / FilmMagic/Getty Images

ამერიკელი მსახიობი რობერტ ფორსტერი 11 ოქტომბერს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ტვინის სიმსივნე გახდა. 

1997 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმში "Jackie Brown" შესრულებული როლისთვის ფორსტერი იმავე წელს ოსკარზე იყო ნომინირებული. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მას 100-ზე მეტ ფილმში მიუღია მონაწილეობა.

ფორსტერის წარმომადგენელი ქით ბერლინი NBC News-თან საუბარში ამბობს, რომ მსახიობს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ივნისში დაუსვეს. 

"ის იყო მამაცი, ის იყო მხიარული, ის იყო მშვენიერი. და ახლა ის თავისუფალია. ის მშვიდად გარდაივალა და სიყვარულით იყო გარშემორტყმული. მოგვენატრება,"- წერია ფორსტერის შვილის, კეიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორსტერი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში დაიბადა და კარიერა ბროდვეიზე სპექტაკლით "მისის დოლის საყვარელი ჰყავს" დაიწყო. 

ფორსტერის ბოლო ფილმი "El Camino: A Breaking Bad Movie" იყო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მსახიობი სერიალ Breaking Bad-ის რამდენიმე ეპიზოდშიც იღებდა მონაწილეობდა. 

სერიალში მთავარი გმირის შემსრულებელი ბრაიან კრანსტონი ფორსტერის გარდაცვალებას Twitter-ზე გამოეხმაურა და მსახიობთან, დაახლოებით, 4 ათეული წლის წინ პირველი შეხვედრა გაიხსენა, ფილმის "Alligator" გადაღებებზე. 

"არასდროს დამავიწყდება, როგორი კეთილი და გულუხვი იყო ახალგაზრდა მსახიობის მიმართ, რომელიც სულ ახლახანს იწყებდა ჰოლივუდში კარიერას,"- წერს კრანსტონი.

კომენტარები