კახა კალაძე

კალაძე ჯიშკარიანზე: პარტიულ ხაზს მნიშვნელობა არ აქვს, ხელის დაფარება გამორიცხულია

კახა კალაძე
TV1

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია პირველზე გადაცემა რეაქციის ეთერში დეპუტატ ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებებზე ისაუბრა:

"აუცილებლად უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად გამოძიება. თუ ილია ჯიშკარიანის დანაშაული გამოიკვეთება, და მე აქ სრულიად გულწრფელი მინდა ვიყო და ვთქვა, რომ პარტიულ ხაზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იგივე დამოკიდებულება მექნებოდა ეს რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის, გირჩის ან ევროპული საქართველოს წევრი, ნებისმიერი პარტიის წევრი. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, ძალიან მძიმე თემაა და შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს, მაშინვე ამოდის უდანაშაულობის პრეზუმფციის საკითხი. ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომ მივიდეს ბოლომდე და თუ მას ასეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი."

კალაძე გამორიცხავს, რომ შესაძლოა ილია ჯიშკარიანს ხელი დააფარონ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრია.

"გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა, ან ხელის დაფარება. გამორიცხულია, ეს წარმოუდგენელია, ისეთ თემაზეა საუბარი აუცილებლად ყველაფერი უნდა გაირკვეს და ნათელი გახდეს საზოგადოებისათვის."

ჯიშკარიანისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე კი თქვა:

"ალბათ კარგი იქნებოდა, თუმცა, ჩვენ თუ შევხედავთ კანონი არ იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ მას დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, და ეს უნდა იყოს მისი მხრიდან მიღებული, და აქ დროებით შეჩერებაზე არ არის საუბარი, მან უნდა დატოვოს მანდატი. ის არის არჩეული დეპუტატი, მაჟორიტარი ისნის რაიონში. ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას."

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლი დეპუტატისთვის მანდატის ვადამდე შესაწყვეტად რამდენიმე საფუძველს განსაზღვრავს, მათ შორისაა, უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა; მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა; საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობა; 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან გარდაცვალება.

43-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

პირის მიმართ გამოძიების დაწყება ან ბრალის წაყენება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელს ეხება, ვერც სპეციალური საბჭო ვერ იმსჯელებს, გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ორად ორი საფუძველი არსებობს: ან თავად დატოვოს მანდატი ან სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. რაც შეეხება შეჩერებას, ამისთვის მას არა მხოლოდ ბრალი უნდა წარუდგინონ, არამედ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც უნდა შეუფარდოს.

კომენტარები