დონალდ ტრამპი

ტრამპი: ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვიან. დროა გამოვიდეთ დაუსრულებელი ომებიდან

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა. ტრამპის თქმით სირიის დემოკრატიული ძალების, რომელიც დიდწილად ქურთი მებრძოლებისაგან შედგება, დახმარება აშშ-ს ზედმეტად ძვირი უჯდება.

"აშშ სირიაში 30 დღე უნდა ყოფილიყო. ეს ბევრი წლის წინ იყო. ჩვენ დავრჩით და ჩავეფლეთ უფრო და უფრო ღრმად მიზნის გარეშე. როდესაც ვაშინგტონში მოვედი, ე.წ. ისლამური სახლმწიფო მძვინვარებდა. ჩვენ მალე დავამარცხეთ ხალიფატი 100%-ით და დავიჭირეთ ათასობით მებრძოლი, მათი უმეტესობა ევროპიდან. მაგრამ ევროპას არ სურდა მათი უკან მიღება. მათ გვითხრეს ამერიკაში დაიტოვეთო! მე ვუთხარი "არა, ჩვენ თქვენ დიდი საქმე გაგიკეთეთ და ახლა გსურთი ისინი უდიდესი ხარჯით ამერიკულ ციხეებში გვყავდეს. ისინი თქვენი გასასამართლებლები არიან." მათ კვლავ უარი თქვეს და ფიქრობდნენ, როგორც ყოველთვის, რომ აშშ მოტყუვდებოდა, ნატოზე, ვაჭრობაზე, ყველაფერზე.

ქურთები ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ მათ დიდი რაოდენობის თანხა და აღჭურვილობა მიიღეს სანაცვლოდ. ისინი თურქეთს ათწლეულებია ებრძვიან. მე შევაჩერე ეს ბრძოლა თითქმის 3 წლის განმავლობაში, მაგრამ დროა გამოვიდეთ ამ დაუსრულებელი ომებიდან, რომელთა ნაწილი კლანურია, და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იქ, სადაც ჩვენს ინტერესებშია, და მხოლოდ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

თურქეთი, ევროპა, სირია, ირანი, ერაყი, რუსეთი და ქურთები უნდა გაერკვნენ სიტუაციაში და იმაში, თუ რა უნდა უქნან ISIS-ის მებრძოლებს თავიანთ "სამეზობლოში". მათ ყველას სძულთ ISIS, წლებია მტრობენ. ჩვენ 7000 მილით ვართ დაშორებულები და კვლავ გავანადგურებთ ISIS-ს, თუ მოგვიახლოვდებიან!" დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპის ღია მხარდამჭერია, ამჯერად თქვა, რომ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დაუკავშირდა და სენატში რეზოლუციას წარადგენს ჯარის გამოყვანის გადაწყვეყილების შესაჩერებლად.

"არასდროს არაა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში მოკავშირის მიროვება, რომელიც ISIS-თან ბრძოლაში დაგვეხმარა. პრეზიდენტის ეს იმპულსური გადაწყვეტილება გააუქმებს ჩვენს ყველა მიღწევას და რეგიონში ქაოსს გამოიწვევს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა დღეს დაიწყო.

თეთრი სახლის პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისივე თქმით აშშ არც მხარს უჭერს და არც მონაწილეობს თურქეთის ამ სამხედრო ოპერაციაში.

"თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან." ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერდიან ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკავებულ ISIS-ის ტერორისტებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრება, ვინაიდან საფრნგეთმა, გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა, საიდანაც ისინი სირიაში ჩავიდნენ, მათ მიღებაზე უარი თქვეს.

მისი კომენტარი დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტებმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონების შექმის საკითხი განიხილეს. ისინი მომავალ თვეს ვაშინგტონში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ერდოღანმა თქვა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩატარება გარდაუვალია.

თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას დიდი ხანია გეგმავს, რადგან მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. სირიაში ქურთი მებრძოლები აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედიოდნენ და აშშ-ს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

ნატოს მოკავშირეები სირიაში, თურქეთის საზღვართან ზონების შექმნაზე აგვისტოში შეთანხმდნენ, თუმცა თურქეთს მიაჩნია, რომ აშშ ამ მიმართულებით ძალიან ნელა მოქმედებს და არაერთხელ განაცხადა, რომ თავად განახორციელებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად არიან განთავსებული. ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ ზონის ტერიტორიის საკითხზეც. უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის შემდეგ გამწვავდა.

თურქეთი ირწმუნება, რომ უსაფრთხო ზონების შექმნა ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას ისახავს მიზნად, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

კომენტარები