ჩეჩნეთის ომი

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან 20 წელი გავიდა — ისტორია ფოტოებში

1990-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები წარმოიშვა. მათ შორის ეროვნული მოძრაობები წარმოიშვა სხვადასხვა რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულებში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეჩნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იყო. 

მოძრაობის სათავეში სამხედროები აღმოჩნდნენ. ჯოხარ დუდაევი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი იყო. მან ადვილად მოახერხა სრულიად დეზორგანიზებული რუსული ჯარის გაუვნებელყოფა და ჩეჩნეთიდან გასტუმრება – 1992 წელს, იქ რუსი ჯარისკაცი აღარ იდგა.

1994 წლის, პირველ დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ჩეჩნეთში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. პირველმა ჩეჩნურმა ომმა წელიწადი და 9 თვე გასტანა. რუსეთმა ვერ მოახერხა ჩეჩნეთის დაპყრობა. ჩეჩნეთის პირველი კამპანიის რუსი სამხედროების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ჯოხარი დუდაევი. 

პირველი ომის შემდეგ, ჩეჩნეთი პრაქტიკულად დამოუკიდებელი გახდა, ეს დაადასტურა რუსეთის ხელისუფლებასთან დადებულმა ხასა-ვიურტის ზავმაც. ზავის შინაარსით წყდებოდა საომარი ვითარება, ჩეჩნეთისთვის სტატუსის მინიჭება კი ორი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად ეს რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობასთან დროებით შეგუებას ნიშნავდა. 


ფოტო: sergei shakhijanian/EPA

ჩეჩნეთის ბრძოლა ცალსახა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. კლანებს შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ, ჩეჩნური საზოგადოების ნაციონალისტური იდეის ირგვლივ გაერთიანება შეუძლებელი გახადა.

ამ ფონზე, ასპარეზზე რელიგიური ფაქტორი გამოჩნდა. ტრადიციული სუფისტური ისლამის გვერდით ვაჰაბიტები გამოჩნდნენ და უუფლებო ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიმხრობა შეძლეს. ჩეჩნეთში ბევრი ემისარი ჩავიდა სხვადასხვა ისლამური ქვეყნიდან. მათი მეშვეობით, ახალგაზრდა ჩეჩნები სასწავლებლად სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და პაკისტანში გაემგზავრნენ. ისინი უკან რადიკალური იდეოლოგიით შეიარაღებულები დაბრუნდნენ.

გროზნოს ერთ-ერთ მოედანი, 1997 წელი, ამ წელს ჩეჩნეთმა შარიათი მიიღო
ფოტო: Vladimir Velengurin/EPA

ჩეჩნური წინააღმდეგობის ფორმატი მთლიანად შეიცვალა. დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა მეორე პლანზე გადავიდა და ბრძოლის მთავარ მიზნად იმარატის თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა.

ჩეჩნეთის სრულმა იზოლაციამ და ადგილზე მოქმედმა უკონტროლო შეიარაღებულმა ჯგუფმა, მათ მიერ მოწყობილმა სისხლიანმა ტერორისტულმა აქტებმა მთლიანად გაანადგურა ჩაგრული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერის იმიჯი. 

1999 წელს, რუსეთში ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო ჩეჩნეთის პრობლემა. სექტემბერში ბუინაკსკში, მოსკოვში, ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქტების ორგანიზატორად ვლადიმერ პუტინმა ჩეჩენი აჯანყებულები დაასახელა. აფეთქებები მოგვიანებით ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბი გახდა.

ამავე პერიოდში ჩეჩენი ბოევიკების დაჯგუფება მეზობელი დაღესტანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილებას შეეცადნენ. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

რუსეთის ფედერალური არმიისა და ჩეჩენი მებრძოლების დაპირისპირება დაღესტანში
ფოტო: EPA

დაღესტანში მიმდინარე დაპირისპირებისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კონტრ-ტერორისტული ოპერაციის საფარქვეშ ჩეჩნეთის სამხედრო ინვერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. 

1999 წლის პირველ ოქტომბერს ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. 

რუსეთის ფედერალური არმიის კოლონა კვეთს ჩეჩნეთის საზღვარს 1991 წლის 1 ოქტომბერი
ფოტო: grigory sisoev (TASS)

მეორე ომის დაწყებისთანავე, რუსული არმია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა პრობლემის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას ცდილობდა. რუსეთის არმიამ გამოიყენა თითქმის ყველა ტიპის შეიარაღება. როგორც წესი ესეთ შეტევებს რეგიონის მშვიდობიან მაცხოვრებლები ეწირებოდნენ.

მასირებული შეტევებისა და რიცხობრივი უპირატესობის გამო ჩეჩენთა საბრძოლო შენაერთები თითქმის ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას ფედერალურ არმიას. ამავდროულად რუსეთში უკვე დაწყებული იყო თავისუფალი მედიის შევიწროება, რაც ართულებდა საომარი მოქმედებების გაშუქებას და ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში ნაწილი მეორე- წარწერა დანგრეული შენობის კედელზე
ფოტო: Valerya Malytsyna/TASS

ომის დაწყებიდან მალევე ჩეჩნეთის სამხედრო მეთაურობამ კონვენციური ომის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ასლან მასხადოვმა მალევე პარტიზანული ომის მდგომარეობაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჩეჩენი მებრძოლების აბსოლიტური უმრავლესობა რეგიონის მთიან ნაწილში გაიხიზნა.

მთებში გახიზნული ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი 1999 წლის დეკემბერი
ფოტო: AP

ჩეჩნების მხრიდან პარტიზანული ომში გადასვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო შეტევების ინტენსივობა ოდნავადაც არ შემცირებულა. საკითხის პოლიტიკური ფასი იმდროინდელი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ძალიან მაღალი იყო, რუსულ არმიას, რაც შეილება სწრაფად უნდა დაეკავებინა გროზნო.

დოკუმენტების არ ქონის გამო დატყვევებული ჩეჩნეთის მოქალაქეები

მასირებული ავია შეტევებისა და ცოცხალი ძალის მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად 2000

 

 

 

 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ ქალაქ გროზნოზე კონტროლი აიღო. მიუხედავად ამისა შეტეკაბები გროზნოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. როგორც წესი ასეთ შეტაკებებს და რუსეთის არმიის რეიდებს მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებოდნენ.

რუსი ჯარისკაცი აღმართავენ რუსეთის დროშას, გროზნო 1999 წლის თებერვალი
ფოტო: EPA

ომის შედეგად ისედაც მძიმე სოციალურ ვითარებაში მყოფი რეგიონის მაცხოვრებლები გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გროზნოს მაცხოვრებლების აბსოლიტური უმრავლესობა სახლისა და თავშესაფრის გარეშე დარჩა. რეგიონი ჰუმანიტარულმა კრიზისმა მოიცვა.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, გროზნო სრულად განადგურდა. ქალაქში პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი შენობა. 2000 წელს გროზნო მსოფლიოს ყველაზე გაჩანაგებული ქალაქი იყო.

გროზნოს აღების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აქცენტი რეგიონის მთებში გახიზნულ მებრძოლებზე გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა ოპერაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის არმია მთებისკენ დაიძრა.


ფოტო: EPA

მთებში ჩეჩენთა დაჯგუფებებმა უფრო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს. რუსეთის არმიას რეგიონის ბოევიკებისგან სრულად გასაწმენდად რამდენიმე წელი დასჭირდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუსული არმია ჩეჩნეთში კიდევ დიდი ხნით რჩებოდა.


ფოტო: EPA

ვლადიმერ პუტინი რუს სამხედროებთან ერთად, გროზნო 2000 წელი


ფოტო: AP

ამბოხებულთა განეიტრალების შემდეგ, საჭირო იყო რეგიონის ახალი ხელმღვანელობა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნებოდა. ასეთი ადამიანი, მალევე გამოჩნდა, ის ჩეჩნეთი ყოფილი მთავარი მუფტი, აჰმატ კადიროვი იყო. აჰმატ კადიროვი 2005 წლის 9 მაისს გროზნოს ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონიაზე მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა შამილ ბასაევმა აიღო. მამის სიკვდილის შემდეგ ჩეჩნეთის მმართველი მისი შვილი, რამზან კადიროვი გახდა. 

აჰმატ კადიროვი ვაჟთან, რამზან კადიროვთან ერთად
ფოტო: TASS

რამდენიმე წლიანი სპეცოპერაციის შემდეგ, 2005 წელს სოფელ ტორსტოი იურტში რუსეთის ფედერალურმა ძალებმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი მოკლეს. 2006 წელს რუსული სპეცსამსახურების ოპერაციის დროს მოკლეს ამბოხებულთა რადიკალური ფრთის ლიდერი, შამილ ბასაევიც. 

სხვადასხვა მონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. Amnesty International-ის ინფორმაციით მხოლოდ მეორე ომის მსვლელობისას 25 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

2000 წლის გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინმა პირველი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

2009 წლის გაზაფხულზე პუტინმა კონტრ-ტერორისტული ოპერაციის დასრულების შესახებ გასცა ბრძანება.

 

კომენტარები