2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება

ვოლსკი: სააკაშვილი [ჰააგაზე] ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია

"სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია, კასანდრაა", - ასე გია ვოლსკიმ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა. 

"ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გვაქვს, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო.

კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარო, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონოდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება". 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებას ხელი საქართველოს მთავრობამ შეუშალა. 

მან ბიძინა ივანიშვილი ასევე დაადანაშაულა მოწმეების მოსყიდვაში, რომლებიც, მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ. 

სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში თქვა: 

"მოვიდა მთავრობა, რომელმაც ხელოვნური აბორტი მოახდინა ამ საქმის, გააგდო საქმე გარეთ და თქვა, ჩვენ ვეღარ ვიძიებთ, გამოიძიოს ჰააგამ და დააკავოს ჰააგამ

ამის შემდეგ რუსეთმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ეს გამოაცხადა, თქვა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან და შეუთვალა არაფორმალურად ჰააგის სასამართლოს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდებით, რაც თქვენ ქართველებს გაამტყუნებთ. ხდებოდა ჩვენი მოქმედი და ყოფილი სამხედროების დამუშავება, რომ მათ მიეცათ ისეთი ჩვენება, სადაც საქართველო იქნებოდა დაკავშირებული .... 

არ ვიცი, მისცეს თუ არა ასეთი ჩვენება. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება ვარ მე, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ვარ მე. თუმცა, ჩემს განეიტრალებას პირდაპირ შეძლებენ თუ სამხედროებისთვის ბრალის წაყენებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მე მზად ვიყავი, ნებისმიერი ჩვენება მიმეცა. 

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, ივანიშვილმა გადაიხადა ფული ცრუ ჩვენებებზე, დარწმუნებული ვარ ამაში", - თქვა სააკაშვილმა. 

________________________________________________________________________________

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაიწყებაზე თანხმობა ჰააგის სასამართლომ 2016 წლის 27 იანვარს მისცა.

ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

2018 წლის ნოემბერში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჰააგაში "საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე ან რამეში დადანაშაულებული, არამედ აქ შეიძლება, მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგეს", რასაც კრიტიკა მოჰყვა. 

2018 წლის 14 ნოემბერს თეა წულუკიანმა ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ICC-ის გამოძიება დაადგენს იმ პირებს, რომელთაც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს და ქართველი ჯარისკაცების წამებაში მონაწილეობდნენ. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, თუ ვინ შეიძლება გამოვლინდეს ამ პროცესში.

„თუ ფატუ ბენსუდა [ICC-ის პროკურორი] მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართოს. საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე, ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა“, – თქვა მაშინ წულუკიანმა.

კომენტარები