თბილისის მერია

კალაძე მოადგილეებს: დაიბარეთ პრობლემური კონტრაქტორი კომპანიები და ბოლო გაფრთხილება მიეცით

თბილისის მერია

თბილისის მერი ამბობს, რომ იმ კონქტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც შესაბამისად არ მუშაობენ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. საუბარია, გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე და ასევე კიკვიძის ბაღის სამუშაოებზე. კალაძე ამბობს, რომ კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევები აქვთ და დროულად არ ასრულებენ სამუშაოებს. 

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება. ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, - თქვა კალაძემ. 

კალაძე ამბობს, რომ ბოლო გაფრთხილებას აძლევს კიკვიძის ბაღში მომუშავე კონტრაქტორ კომპანიასაც. "ორი-სამი დღის განმავლობაში, პარკში არცერთი ადამიანი არ მუშაობს, მიგდებული და მიყრილია ყველაფერი, ტექნიკა არ მუშაობს."

კახა კალაძემ მოადგილეებს ორივე კომპანიასთან დროული კომუნიკაციის დაწყება
და გაფრთხილება დაავალა.

კომენტარები