პრეზიდენტის შეწყალება

გაბუნია: სისხლის სამართლის ლიცენზია არასდროს მქონია, ქოიავას საქმეში ადვოკატი ვერ ვიქნებოდი

მთავარი არხი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საადვოკატო ლიცენზია არასდროს ჰქონია, შესაბამისად, ქოიავას მკვლელობის საქმეში ადვოკატი ვერ იქნებოდა.

ამის შესახებ მან მედიის კითხვების საპასუხოდ თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იოსებ ქოიავას საკითხი მისთვის ძალიან მტკივნეულია და შეიძლება ბევრი ეჭვი ჰქონდეს, თუმცა უფრო მეტს მას შემდეგ იტყვის, რაც პროკურატურაში გამოიკითხება.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქოიავას ოჯახი არის შეცდომაში შეყვანილი. შვილმკვდარი მამაა და მე არ მაქვს მორალური უფლება რაიმე უხეშად განვახორციელო და ამას არც ვიკადრებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არასდროს არ მქონია სისხლის სამართლის ლიცენზია, რომ წარმომედგინა ელემენტარულად, როგორც ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმეში, არათუ ქოიავა, ნებისმიერი პირი", - ამბობს გაბუნია.

ჟურნალისტების კითხვაზე - შეხვედრია თუ არა აწ უკვე შეწყალებულ ზურაბ ნადირაძეს, გაბუნია პასუხობს, რომ ის არასდროს უნახავს და არც არანაირი კონსულტაცია მიუცია.

"საერთოდ, ხალხო, ეს ისეთი აბსურდია. საერთოდ არ მინახავს თვალით ადამიანი, არანაირი კონსულტაცია არ მიმიცია, ეს კაცი იმალებოდაო, როგორც მედიიდან გავიგე, დანიაში. დანიაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რაც შეეხება პრაღას, პრაღაში მე 15 წელი მქონდა ადვოკატის სკოლა, სამეცნიერო, სტუდენტები დამყავდა 15 წლის განმავლობაში. ხშირად ვატარებდით ვორქშოფებს. სხვა პრაღასთან მე შეხება არ მქონია", - ამბობს გაბუნია.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტში სახაზინო ადვოკატმა მისი გვარი შეცდომით ახსენა, შემდეგ კი ამავე არხთან ბოდიშიც მოიხადა.

დიმიტრი გაბუნია მოუწოდებს იოსებ ქოიავას ოჯახს, დაასახელონ პირი, ვინც უთხრა, რომ ნადირაძესთან რაიმე ტიპის კვეთა ჰქონდა.

"ერთად დავადგინოთ ვის ინტერესში შედიოდა ეს ყველაფერი", - დასძენს ის.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გამოეხმაურა ბრალდებებს ამ დრომდე, გაბუნია პასუხობს:

"არ ვაპირებდი არსად დამალვას, დასამალი არაფერი მჭირს".

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიკითხება პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ეს მიმდინარე კვირაში მოხდეს.

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები