პრეზიდენტის შეწყალება

სერიული შემწყალებელი - საპროტესტო აქცია ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან

ტაბულა

სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალება გააპროტესტეს. 

"ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოვლად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აქ არის კორუფციული ნიშნები. არჩევნებზე ქართულ ოცნებას ყოველთვის ეხმარებიან კრიმინალები და საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ ეს მოხდა, გახდა პრეზიდენტი კრიმინალების და ძველი ბიჭების დახმარებით. ზურაბიშვილმა შეწყალების ამ აქტით მათ გადაუხადა ვალი", - თქვა აქციის ერთ-ეთმა მონაწილემ. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები