დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო პარლამენტის მუშაობის შეჩერების კანონიერებას განიხილავს

Barcroft Images

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს 11 მოსამართლე განიხილავს იყო თუ არა კანონიერი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერება. მოსამართლეთა რაოდენობა 9-დან 11-მდე გასულ კვირას გაზარდეს, რაც საკითხის კონსტიტუციურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ისინი იმსჯელებენ იმაზე, დაარღვია თუ არა ჯონსონმა კანონი, როდესაც დედოფალს ურჩია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყება 5 კვირით გადაევადებინა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უზენაესი სასამართლო სასწრაფო მოსმენისათვის მოიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება უკანონოა.

პანელმა, რომელიც სამი მოსამართლისაგან შედგებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსთა სარჩელი ერთხმად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება აუქმებს გასულ კვირას ლონდონის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შეჩერება კანონს არ არღვევს.

მიუხედავად ამისა ამას მყისიერი გავლენა არ ექნება პარლამენტის მუშაობის შეჩერებაზე, რომელიც ძალაში 10 სექტებმერს შევიდა, რადგან სასამართლოს ჯონსონის გადაწყვეტილების შეჩერების ბრძანება არ გაუცია. საკითხი უმაღლესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, რომლის სხდომაც მომავალ კვირას, 17 სექტემბერს გაიმართება.

რატომ შეაჩერა ბორის ჯონსონმა პარლამენტის მუშაობა?

  • 27 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალს მიმართა თხოვნით გადაედო ტრადიციული მიმართვა პარლამენტისადმი 14 ოქტომბრამდე.
    ზაფხულის შესვენების შემდეგ პარლამენტის მუშაობა 3 სექტემბერს, დედოფლის მიმართვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ელისაბედ მეორემ ჯონსონის თხოვნა დააკამაყოფილა და შედეგად პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერდა.
    ამან უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე თავად ჯონსონის კონსერვატიულ პარტიაში, ვინაიდან ამგვარად პარლამენტს ბრექსითის ბოლო ვადამდე, რომელიც ამჟამად 31 ოქტომბერია, საკითხების განსახილველად მხოლოდ 2 კვირა რჩებოდა.
  • პარლამენტის მუშაობა 10 სექტემბერს შეჩერდა. მანამდე კი კანონმდებლებმა მოახერხეს კანონის მიღება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის. კანონი ლორდთა პალატამაც დაამტკიცა.
  • კანონი ბორის ჯონსონს დაავალდებულებს შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა ითხოვოს. ჯონსონმა კი თქვა, რომ ბრექსითის გადავადების აზრს ვერ ხედავს და ევროკავშირისათვის ვადის გადაწევის თხოვნას თხრილში სიკვდილი ურჩევნია.
     
  • კანონს თემთა პალატაში მხარი 328 კანონმდებელმა დაუჭირა, მათ შორის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ.
    მათ შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი და ყოფილი ფინანსთან მინისტრები ფილიპ ჰამონდი და კენეთ კლარკი.
    კონსერვატიული პარტიის დეპუტატის მანდატი და ბიზნესის მინისტრის პოსტი დატოვა ბორის ჯონსონის ძმამ, ჯო ჯონსონმაც.
  • კანონის მიღების შემდეგ ჯონსონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სცადა. მან თქვა, რომ არჩევნების დანიშნვა არ სურს, მაგრამ პარლამენტი შეთანხმების გარეშე ბრექსითის შეფერხების მცდელობით ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ბრიტანეთის პოზიციებს ძირს უთხრის.
     
  • თემთა პალატამ ინიციატივას ვადამდელი არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა.
     

ბოლო განვითარებები ბრექსითთან დაკავშირებით:
 

  • The Guardian-ის ინფორმაციით პარლამენტართა ნაწილს პარლამენტის მუშაობის აღდგენის შემდეგ მეის გეგმის დაბრუნება და ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება სურს.
     
  • ტერეზა მეის გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, რის შემდეგაც მან პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მთავარ წინააღმდეგობად ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი იქცა. ჯონსონს სწორედ ამ საკითხის შეცვლა სურს ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებებისას და ამბობს, რომ "ბექსტოპის" ამოღების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ მისი ამოღება მიუღებელია.
  • გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ჯონსონს უთხრა, რომ ჯონსონმა "ბექსტოპის" ალტერნატივა უნდა მოიფიქროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო არ არის. ამის შემდეგ ჯონსონმა დიდი შვიდიანის სამიტზე განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ევროკავშირის ბრალი იქნება, თუმცა დიდი ბრიტანეთი მას მარტივად გაუმკლავდება.
     
  • "ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

კომენტარები