არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: მოწინააღმდგეებს შიგნით თუ გარეთ, აქვთ მიღწევების დისკრედიტაციის ძალისხმევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და აქვს ხელშესახები მიღწევები, თუმცა, პროგრესის კვალდაკვალ, "მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ", მეტი ძალისხმევა აქვთ, რათა მოხდეს ამ მიღწევების დისკრედიტაცია.

არჩილ თალაკვაძემ ეს განცხადება ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ.

"ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველო თავის მომავალს ხედავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტული მიღწევები. ეს არის ნიშანი იმის, რომ საქართველოში ძლიერდება დემოკრატია, ძლიერდება ჩვენი საერთო ღირებულებები და არა სხვა ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მეტი პროგრესის, მეტი მიღწევების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა აქვს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია. ეს არის გამოწვევა ნებისმიერ იმ ქვეყნისთვის, ვინც აირჩია დემოკრატია", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სჯერა, ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთად გადადგამს ნაბიჯებს, რათა მიღწევები და ხალხის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

"ჩვენ ვიმყოფებით რთულ რეგიონში, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის დაგეგმვაში ის უნდა გავითვალისწინოთ. მე მჯერა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად დგამს სწორ ნაბიჯებს და მომავალშიც გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს მიღწევები და საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი, არ დადგეს არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც მოისმინეთ, ამაში გვაქვს ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები