საქართველო-NATO

ვოლსკი: რასმუსენის მოსაზრება ნატოში გაწევრებაზე საინტერესოა და განხილვას იმსახურებს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრებაზე გარკვეული პირობით, საინტერესოა და განხილვას იმსახურებს. 

"ასეთი მცდელობა იყო, რომ თითქოს რასმუსენმა და მით უმეტეს, ნატომ რაღაც კითხვის ნიშანი დასვა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სასიხარულოდ, საზოგადოება ამას აღარ მიიღებს, ეს დიდი ცრუპენტელობაა და რეალობას არ შეესაბამება. 

თავად მოსაზრება საინტერესოა და განხილვას იმსახურებს, მაგრამ ახალი არ არის. გასულ წელს იყო ამაზე ლაპარაკი. მაშინ ნატოს ოფიციალური პოზიცია იყო, რომ არარეალისტურად მიიჩნევდა ამას, თუმცა კონსულტაციების გაგრძელება ამ თემაზე, მათ შორის, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ნამდვილად ღირს". 

ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ იმისთვის, რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად. 

რასმუსენის ეს შეთავაზება არ გულისხმობს საქართველოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის დათმობას. 

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარები