მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ოქრუაშვილს: მალე შევხვდებით თბილისში და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ

Facebook

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ის სრულიად უსამართლოდაა დაკავებული.

"ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი გამბედაობა და ის, რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ",- წერს სააკაშვილი თავის Facebook გვერდზე.

სააკაშვილი ოქრუაშვილის Facebook პოსტს გამოეხმაურა, სადაც ოქრუაშვილი წერდა, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია ხელისუფლების 100%-იანი ოკუპაციით დაასრულეს.

"გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიშის" მთავრობა ყავს გახარიას და სხვების სახით.

რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. 

გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს და ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. 

შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ.

გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია ხელისუფლების 100%-იანი ოკუპაციით დაასრულეს.

დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს”,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ რუსთავი 2 სინამდვილეში მისია. ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები