20 ივნისის ღამე

გახარიამ ნადირაშვილს არალეტალური ტყვია მიუტანა, ხოლო ბობოხიძეს "ხულიგანი" უწოდა

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა გახარიას ჰკითხა, იცოდა თუ არა მან, რომ აქციაზე გამოყენებულ ტყვიებს ეწერა ნაკლებად ლეტალური. პასუხად კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მას არალეტალური ტყვია მიუტანა, - "იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია არალეტალური", - თქვა საპასუხოდ გიორგი გახარიამ.

"შეგიძლიათ სურათების ინტერნეტში ამოღების ნაცვლად, მიბრძანდეთ და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ იყო გამოყენებული, ამ მიმართოთ მწარმოებელს -იტყუებით", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილის კითხვას.

მას შემდეგ, რაც გახარიამ ირმა ნადირაშვილს 20-21 ივნისის აქციაზე გამოყენებული ტყვიების ნიმუში მიუტანა ევროპული საქართველოს დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერობის კანდიდატს უთხრა, რომ ერთს თავად ისროდა, ხოლო ერთი მას ესროლა, რაზე გახარიამ უპასუხა, რომ "სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა", შემდეგ კი ბობოხიძეს "ხულიგანი" უწოდა.

"ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს", - გახარიას პასუხი აკაკი ბობოხიძეს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, ხოლო 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

კომენტარები