სამგორის ახალი გამგებელი

კალაძემ ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამგორის გამგებლის კანდიდატად წარადგინა

თბილისის მერია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად
კახა სამხარაძე წარადგინა. კალაძე დარწმუნებულია, რომ მის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო.
შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში
მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი - კახა
სამხარაძე. ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში,
შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი
გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის
რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს
და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს.

მინდა, კახა სამხარაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ მის კანდიდატურას საკრებულოში გადავგზავნით დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება. შემდეგ უკვე შევუდგებით საქმიანობის იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სამგორის მოსახლეობას აწუხებს, შევძლოთ და ღირსეულად განხორციელებული პროექტებით, გაკეთებული საქმეებით ვუპასუხოთ. პრობლემები არსებობს და ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს",- თქვა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა კახაბერ გულედანმა სამგორის რაიონის გამგებლის პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, მას დანიშვნას მხარი თბილისის საკრებულომ 2018 წელს დაუჭირა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ბიზნესში გადასვლა გადაწყვიტა.

კომენტარები