სამთავრობო ცვლილებები

ივანიშვილი ბახტაძეზე: საკუთარი სურვილით გადადგა, ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით

როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირა დღეს ჩვენ საღამოს შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან. ბახტაძე საკუთარი სურვილით გადადგა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავის სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერმინისტრის რანგში და ასევე კულტურული წასვლისთვის.

თქვა ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილმა. 2 სექტემბერს, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმართულებები შეაჯამა. პოსტში აღნიშნა, რომ ვინაიდან "განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან თვლის, რომ თავისი მისია ამ ეტაპისათვის შეასრულა".

კომენტარები