სამთავრობო ცვლილებები

კაპანაძე: თუ ივანიშვილი გახარიას დანიშვნას გაბედავს, ეს მისი არაადეკვატურობის ნიშანი იქნება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცესპიკერ სერგი კაპანაძეს თქმით, თუ ივანიშვილი გაბედავს და გახარიას პრემიერმინისტრად დანიშნავს, ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ის არის სრულიად არაადეკვატური და არანაირ პატივს საზოგადოებას არ სცემს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ის, რომ მამუკა ბახტაძემ დატოვა თანამდებობა, მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ისევე, როგორც პრემიერობა არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს არის პრემიერმინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე არ დარჩება, არანაირად, მან არაფერი არ გააკეთა, ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიცა აიმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას. ახლა სერიოზული და მნიშვნელოვანი კითხვაა ის, თუ ვინ იქნება შემდეგი პრემიერმინისტრი, არა იმიტომ, რომ პრემიერმინისტრსრაიმეს შეცვლა შეუძლია სასიკეთოდ ამ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ გავარკვიოთ, ივანიშვილი გაბედავს თუ არა და დანიშნავს თუ არა გახარიას, რომელმაც მოაწყო გავრილოვის ღამე და თავის თანამოქალაქეებს თვალები დათხარა. თუ მან ეს გააკეთა, ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ის არის სრულიად არაადეკვატური და არანაირ პატივს საზოგადოებას არ სცემს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მორიგი დადასტურება იქნება. ეს ყველაფერი უდავოდ გამოიწვევს ივანიშვილის არჩევნებში დამარცხებას, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, იმ მრავალი ადამიანის ინტერესის დაცვას, რომლებიც დარწმუნებულები არიან დღემდე, რომ გახარია უნდა წავიდეს სახლში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმის გამო, რაც 20 ივნისს გააკეთა და ამისთვის კონკრეტული გზები იქნება მოფიქრებული, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ჩვენ ჯერ ივანიშვილის მხრიდან გადაწყვეტილებას დაველოდებით და შემდეგ გაგაცნობთ ჩვენი გეგმების შესახებ",- თქვა სერგი კაპანაძემ.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერის პოსტზე მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შსს-ს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები