მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: გვაკლდა სტრატეგიული განვითარების აქცენტები, ვიყავით არჩევნებიდან არჩევნებამდე

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძემ Facebook გვერდზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და საკუთარი საქმიანობა შეაფასა. 

მისი თქმით, საქართველოს აკლდა სტრატეგიული განვითარების აქცენტები, ამიტომ ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობდა. 

"ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამები უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული",-წერს მამუკა ბახტაძე.   

მისი თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს ამ ეტაპზე აქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელიც შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს.  

"საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), განათლება, როგორც ეროვნული იდეა."  

ბახტაძის თქმით, მიმართვის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს, თუ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებულ საკითხებში წარმატების მისაღწევად. 

მამუკა ბახტაძე საუბრობს ასევე ხუთ პრინციპზე, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ პრინციპებად ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა; განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.  

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების გუშინ, პირველ სექტემბრის სხდომაზე განხილულ სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს. ამის შესახებ ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს.  

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს - რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაცპრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.

კომენტარები