სამთავრობო ცვლილებები

სამთავრობო ცვლილებების შესახებ მმართველ გუნდში განცხადება ხვალ, 2 სექტემბერს გაკეთდება

ქართული ოცნება

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ეს ქართული ოცნების დეპუტატებმა თქვეს, რომლებმაც ქართული ოცნების ოფისში სხდომას დაესწრნენ. 

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილეს. მისი დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან ცვლილებების დეტალებზე არ ისაუბრეს. 

გია ვოლსკიმ თქვა, რომ საზოგადოება პასუხებს იმ კითხვებზე, რაც არსებობს, ხვალ,2 სექტემბერს მიიღებს.

"ხვალ დილას გექნებათ საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შესაბამის განცხადებას გააკეთებს მამუკა ბახტაძე. [ტოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას] ამაზე გაცილებით კარგ კომენტარს გააკეთებს პრემიერმინისტრი ბახტაძე, ვიდრე მე".

კითხვაზე, ვისი გადაწყვეტილებით ტოვებს მამუკა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკიმ უპასუხა:

"ამაზე ხვალ გექნებათ გაცილებით საინტერესო, სრულმასშტაბიანი ინფორმაცია. ამის იქით სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილის, გია ვოლსკის, არჩილ თალაკვაძის, კახა კალაძის პოზიცია არის ერთი და არ არის ამ პოზიციებში განსხვავება".

უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ირაკლი კობახიძეც, რომელიც 20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წავიდა და როგორც მმართველი გუნდი ამბობს, გავრილოვის ღამეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს - რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაც, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.

კომენტარები