სასამართლომ ავთო წერეთელს გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ტვ პირველი

სასამართლომ ავთო წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

გადაწყვეტილების გამოტანამდე ავთანდილ წერეთლის შვილმა, ტვ პირველის დამფუძნებლმა, ვატო წერეთლმა თქვა, იმ შემთხვევაში თუ მის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეუფარდებს, ისინი იძულებულები გახდებიან, გირაო ტელეკომპანიის შენობით უზრუნველყონ. 

ავთანდილ წერეთელმა თქვა: 

"ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, ნამდვილად არ მქონდა. ოჯახი ქონებას დიდი ხანია, აღარ ფლობს. ტვ პირველს კი ცავაბარებთ ახლა. მოსამართლემ რაც უთხრეს, ის ქნა. მოსამართლეს დაწერილი ჰქოდა და პროსტა მოვიდა, მოგვისმინა და წაგვიკითხა. ტვ პირველის ქონება უნდა ჩავდო, ეგ უნდათ მაგათ. ვერ ეღირსებიან. მიზანი, რა თქმა უნდა, ტვ პირველის განეიტრალებაა". 

იმავე საქმეზე, რა საქმეზეც ავთანდილ წერეთელს ედავებიან, ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები