ქორწინება

შვედი იუთუბერი PewDiePie დაქორწინდა

Instagram

შვედი იუთუბერი ფელიქს კელბერგი, რომელიც ცნობილია თავისი იუთუბ არხ PewDiePie-ით, დაქორწინდა.

29 წლის იუთუბერი 26 წლის იტალიელ დიზაინერზე, მარზია ბაისოგნინზე დაქორწინდა, რომელიც 2018 წლამდე არხზე CutiePieMarzia ვიდეოებს დებდა. ქორწილის ფოტოები წყვილმა დღეს დადო. როგორც წყვილი ინსტაგრამზე წერს, ისინი 19 აგვისტოს დაქორწინდნენ, ერთმანეთის გაცნობიდან ზუსტად 8 წლის თავზე.

"გუშინ, 19 აგვისტოს, გაცნობიდან ზუსტად 8 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი ქორწილი ჩვენს ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნეთ. ეს იყო ყველაზე ლამაზი დღე, რომელიც სამუდამოდ განძად მექნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ქორწილზე დასასწრებად დრო გამონახა და ვინც დაგვეხმარა ამ დღის აღნიშვნაში. თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ და სიყვარულით ვარ სავსე. ძალიან ექსტაზურია, რომ შემიძლია ჩვენი ცხოვრების ბოლომდე ფელიქსს ჩემი ქმარი ვუწოდო",- წერს მარზია ინსტაგრამზე.

"ჩვენ დავქორწინდით!!! ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ შემიძლია ამ არაჩვეულებრივ ქალთან გავაზიარო ჩემი ცხოვრება",- ასეთი აღწერა გაუკეთა ქორწილის ფოტოებს ფელიქსმა.

წყვილი ინგლისში, ბრაიტონში ცხოვრობს. როგორც მარზიამ თავის იუთუბ არხზე თქვა, ფელიქსმა მას ხელი 2018 წლის 27 აპრილს, იაპონიაში, იოკოჰამაში მოგზაურობის დროს სთხოვა. აგრეთვე, ფელიქსსა და მარზიას უნისექსი ტანსაცმლისა და სახლის პროდუქრების ბრენდი TSUKI MARKET-იც აქვთ.

PewDiePie-ს იუთუბზე 99 მილიონი გამომწერი ჰყავს, მისი ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი 22.3 მილიარდია. მას წლების განმავლობაში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა, თუმცა შემდეგ ინდურმა არხმა T-Series-მა გადაასწრო.

იხილეთ ქორწილის ფოტოები:

კომენტარები