რუსთავი 2-ის საქმე

ბახტაძე R2-ის გასხვისებაზე: ოპონენტები აგრძელებენ კონსპირაციული თეორიებით საუბარს

"საქართველოში აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თქვა. მან ტელეკომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს "ზღაპრები" უწოდა. 

"მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაცჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ეს არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიანკარგად ესმის.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აგრძელებენ მსგავსი კონსპირაციული თეორიებით საუბარს. საზოგადოება, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აკეთებს ჯანსაღ შეფასებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ხალვაშის თქმით, არხი კრიზისშია და მისი ფინანსური შესაძლებლობები არ არის საკმარისი ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. 

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, რუსთავი ორის მფლობელად ვისი გვარიც არ უნდა ჩაიწეროს საჯარო რეესტრში, მის უკან იქნება ბიძინა ივანიშვილი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

 

კომენტარები