ნიკა გვარამია

გვარამიას ბრალი წარუდგინეს - "მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, განზრახ არ მოითხოვა 6 763 510 ₾"

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პროკურტურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა.

მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, შედეგად, რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

"გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა", - ამბობენ პროკურატურაში.

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

პროკურატურის ინფორმაციით:

"ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსთან", რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები - ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ზ.ი.

ხელშეკრულების თანახმად, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა "ინტერ მედია პლიუსს" დაუთმო საკუთარი არხების ("რუსთავი 2"-ის, "ახალი არხის" (იგივე "კომედი არხის") და "მარაოს") ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. 

მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, "ინტერ მედია პლიუსის" მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.

ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შ.პ.ს. "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის - შ.პ.ს. "ინტერ მედია პლიუსისათვის" გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსთან" გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შ.პ.ს. "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის. 

შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსის" დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი", - ამბობენ პროკურატურაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები "რუსთავი 2"-ზე რეკლამის განსათავსებლად "ინტერ მედია პლიუსის" კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.

პროკურატურის ცნობით, დადგენილია ისიც, რომ რუსთავი 2-მა 2016 წელს ნასყიდობით საკუთრებაში მიიღო ვაკეში მდებარე ორი ბინა, რომლებიც 2017 წელს საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას.

"ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსს" ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში  602 521 ლარად", - ამბობენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ადვოკატის განცხადების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დაერთო რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

მათივე ინფორმაციით, ნიკა გვარამია დღეს, 9 აგვისტოს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით და ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ რუსტავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის მუხლებით დაიწყო. ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა. უყებას კითხვები ჰქონდა ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორთანაც. ამასთან, გამოძიება დოკუმენტების ამოღების მიზნით შევიდა რუსთავი 2-ში, "ინტერ მედიასა" და "ინტერ მედია პლიუსში".

კომენტარები