თსუ

ლექტორი, რომელიც სტუდენტს უჩივის: სიტყვის თავისუფლება პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს

თსუ-ს სამართალმცოდნეობის ლექტორის გიორგი გორაშვილის შეფასებით, სტუდენტ ბუბა ნაჭყებიას "მოქმედებამ დღევანდელი მდგომარეობით შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი". მისი აზრით, "ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის გამო", საზოგადოების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გორაშვილი ნაჭყებიას Facebook-ის დახურულ ჯგუფში გინების გამო სასამართლოში უჩივის.

"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ ჯგუფ - TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა - იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ, 2019 წლის 30 ივნისს, საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც), როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ ჯგუფში სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი.

როგორც ლექტორს, სტუდენტ ბუბა ნაჭყებიასთან სასემინარო კურსის ფარგლებში შეხება არ მქონია. იგი ჩემთან მოვიდა დაცვის სამსახურში მიღების თხოვნით, რაზეც მაშინვე დავთანხმდი, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის 20 – 35 პროცენტი სტუდენტებისაგან შედგება. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ იქ, სადაც სწავლობენ. ბუბა ნაჭყებიამ ორი თვის განმავლობაში იმუშავა და ვინაიდან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაცვის სამსახურის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევების გამო (რაც აისახა მისივე ახსნა - განმარტებებში და რისთვისაც არაერთხელ მიიღო გაფრთხილება) ნებაყოფლობით დატოვა დაკავებული პოსტი.

სამწუხაროა, მაგრამ ბუბა ნაჭყებიამ იმისთვის, რომ წარმოჩინდეს საზოგადოებაში, აირჩია პოპულარობის მიღწევის ამორალური გზა. ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ ვფიქრობ გაცნობიერებული არ აქვს რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემს მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა - გინებასა და ბულინგის მსხვერპლი, რამაც მიიღო მასობრივი ხასიათი. ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია, როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!

სამწუხაროდ, ამავე მიუღებელი და ამორალური თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ ის სტუდენტებიც, ვისთვისაც მიუღებელია პროფესორის საჯარო ლანძღვა - გინება და ზოგადად უნივერსიტეტში ურთიერთობის მსგავსი ფორმა, ასევე ის სტუდენტებიც, რომლებმაც მოწმის სახით ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს. ისინი მოწმის სტატუსის შეძენისთანავე გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი, რამაც განაპირობა მათდამი დამამცირებელი და მტრული გარემოს შექმნა.

ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, პროფესორებსა და კოლეგებს, საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, თუ ჩვენ გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა - გინება არ იქნება, შემომიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მობრძანდით 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში" - წერს გიორგი გორაშვილი Facebook-ზე.

ვრცლად საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები