საბიუჯეტო ხარჯები

26 მაისის ღონისძიებებზე 6.5 მილიონი უტენდეროდ დაიხარჯა

მარი ნიკურაძე/OC Media

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 26 მაისის ღონისძიებების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯა უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვების გზით. 2019 წლის 26 მაისის ღონისძიებებში ბიუჯეტიდან სულ 6.8 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ტენდერებით ისარგებლეს მხოლოდ თბილისისა და რუსთავის მერიებმა, აქედან თბილისის მერიამ ტენდერებით თანხის 36% დახარჯა, რუსთავისამ კი - 95%. დანარჩენმა 16 უწყებამ საბიუჯეტო სახსრები გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯა.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ზოგიერთმა უწყებამ, მაგალითისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ორგანიზაციას გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ მიაწოდა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე.

კომენტარები