პოლიტიკა

პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ თიბისი ბანკის აქციების ფასი 4,5%-ით შემცირდა

eugbc.net

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურ წარდგენას ეხებოდა, თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 4,5 პროცენტით შემცირდა.

გუშინდელი სავაჭრო დღის საბოლოო შედეგით, კომპანიის ერთი აქციის ფასმა 14,90 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ოპტიმისტურად დაიწყო დღევანდელი სავაჭრო დღე და აქციების ფასი 15,06 გირვანქამდე ავიდა, თუმცა ლონდონის დროით 09:00 საათზე აქციების ფასმა სწრაფი ვარდნა დაიწყო. აქციებზე ფასის შემცირების დაწყება თბილისში გამართული ბრიფინგს ემთხვევა, განცხადება პროკურატურაში თბილისის დროით 12 საათზე გაკეთდა, ამ დროს ლონდონში კი 09:00 საათი იყო.

ბოლო განახლებით, აქციის ფასი 14,34 გირვანქა სტერლინგი იყო. ამ დროისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 821 მილიონი გირვანქა სტერლინგია. თიბისი ბანკის აქციებზე ფასი მცირდებოდა 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძემ მაშინ განაცხადა, რომ ზარალი დაახლოებით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

 

კომენტარები