რუსთავი 2

ქორიძე: R2-ის და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების

რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს, ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:

1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ "აიკრძალოს რუსთავი-2", "აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა" და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. "რუსთავი-2"-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმაურება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა. ამ წუთებში რუსთავი 2-თან მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობები აქციას მართავენ - ისინი ითხოვენ, გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანმა ბოდიში მოიხადოს. შეკრებილების ნაწილი ითხოვს, გაბუნიამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დატოვოს ქვეყანა, ნაწილის თქმით კი, მას არხი უნდა დაატოვებინონ.

კომენტარები