Isfed: რუსთაველზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანიას კოორდინირებული სახე აქვს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ Facebook-ზე დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. კამპანიაში ის გვერდები ჩაერთვნენ, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ასევე, მოცემული გვერდები აქტიურად ცდილობდნენ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური კანდიდატის, შალვა შავგულიძის, დისკრედიტაციას. 

Isfed-ის ცნობით, დისკრედიტაციის კამპანიისათვის გამოიყენება ახალშექმნილი გვერდებიც. მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართა ცრუ მედიის გვერდებზეც.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოჩვენებითად მხარდამჭერი, ყალბი გვერდების შექმნისა და ცრუ მხარდამჭერი პოსტების დასპონსორების ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაც. ამასთან, აქციების საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად წარიმართება დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ, ულტრამემარჯვენე ნარატივის გვერდებზე" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

დასპონსორებული კამპანია მადისკრედიტირებელ გვერდებზე

Isfed-ის ცნობით, ანონიმური მადისკრედიტირებელი გვერდების განსაკუთრებული გააქტიურება 20 ივნისის საღამოს დაიწყო. გავრცელებული პოსტები ერთნაირ გზავნილებს შეიცავდა. ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე გვერდი ზუსტად ერთნაირ ფოტო ვიზუალიზაციას იყენებდა, რომელსაც თან ერთნაირი ტექსტიც ახლდა. გამოქვეყნებულ პოსტებში მიუთითებდნენ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეულობას იწყებდა და მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მხარი პოლიციისთვის დაეჭირათ.

"აქციის დაშლის შემდეგ, 21 ივნისს მადისკრედიტირებელი გვერდების მხრიდან დასპონსორებული კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. მათ მიერ გავრცელებული პოსტები თანმხვედრი გზავნილებით ხასიათდებოდა. ძირითადი გზავნილი იყო, ტომ დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ ძალადობდნენ. გვერდები დასპონსორებული პოსტების სახით ავრცელებდნენ მხოლოდ იმგვარ ფოტო და ვიდეო-მასალებს, სადაც სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება პრაქტიკულად არსად ჩანდა. მსგავსი პოსტები უმეტესად დასპონსორებული იყო.

საპროტესტო აქციების მომდევნო დღეებში გაგრძელდა აქციის, მისი მონაწილეებისა და ორგანიზატორების მადისკრედიტირებელი, დასპონსორებული, სავარაუდოდ კოორდინირებული კამპანიაც. ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტების გზავნილს აქციების ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირება წარმოადგენდა. მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი ყურადღების ცენტრში აქციის ის მონაწილეები მოექცნენ, რომლებიც, მათი თქმით, წინა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. 22-23 ივნისს რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნდა დასპონსორებული ვიდეო წარწერით "ახალაიას ზონდერი აქციაზე“ - წერია "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიას კოორდინირებული სახე აქვს.

"აქციის მონაწილეთა მადისკრედიტირებელი ერთ-ერთი ვიდეო გამოქვეყნდა სამ დისკრედიტაციულ გვერდზე და ერთ-ერთ ცრუ მედიის გვერდზე სახელწოდებით "საინფორმაციო გვერდი“. ვიდეოში ასახული იყო სავარაუდოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი. აღსანიშნავია, რომ მოცემული ვიდეო 5 წუთის განმავლობაში სამ გვერდზე გამოქვეყნდა, რაც მათ შორის კავშირის, ერთიანი ადმინისტრირების ვარაუდს კიდევ ერთხელ ამყარებს. საგულისხმოა, რომ "საინფორმაციო გვერდის“ მმართველი პარტიის ინტერესებთან კავშირი "სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე გამოავლინა. 2014 წლის 20-26 თებერვლის პერიოდში აღნიშნული გვერდი მოქმედებდა სახელწოდებით "თვითმმართველობის არჩევნები/ქართული ოცნება“ და "ქართული ოცნება/თვითმმართველობის არჩევნები“.

მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართება აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგაც. მათ შორის მოცემული გვერდები განსაკუთრებით მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ მოქმედებენ. როგორც სხვა შემთხვევებში, აღნიშნული კამპანიაც დასპონსორებული პოსტების გავრცელებით გამოიხატება" - აცხადებს Isfed-ი.

ულტრანაციონალისტური, ანტილიბერალაური და ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებელ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გვერდებთან თანმხვედრი გზავნილები.

სამართლიანი არჩევნების ანგარიშის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საწინააღმდეგო კამპანიის კიდევ ერთი სახის გზავნილი ჰომოფობიური შინაარსისაა. კერძოდ, ფეისბუქზე გავრცელებული დასპონსორებული პოსტების ნაწილში საუბარია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების უკან "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დგანან. ამის დასასაბუთებლად კი ვრცელდება მათი აქციაზე ყოფნის ამსახველი ფოტოები.

"აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გზავნილები ზუსტ თანხვედრაშია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ულტრამემარჯვენე გვერდების გზავნილებთან, რომლებიც ანტიდასავლური ნარატივითაც ხასიათდებიან. 

ერთ-ერთი გვერდი, სახელწოდებით „ნაციონალისტის გვერდი“, რომელიც ნაციონალისტური ნარატივის გავრცელებით პოზიციონირებს, აქტიურად ჩაერთო აქციების საწინააღმდეგო დასპონსორებულ კამპანიაში. ეს გვერდი ამით გამოირჩევა ულტრანაციონალისტური, ანტილიბერალური და სხვა სახის ნარატივების გამავრცელებელი გვერდებისგან, რომლებსაც არ ახასიათებთ პოსტების მასობრივი დასპონსორება. ამავე დროს, გვერდზე დასპონსორებული პოსტები მადისკრედიტირებელი გვერდების პოსტების მსგავსია და ხშირად ერთნაირი მასალაც ქვეყნდება, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოცემული გვერდიც დაკავშირებულია ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებთან. აღსანიშნავია, რომ "ნაციონალისტის გვერდი“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტების გავრცელებით გამოირჩეოდა ნაციონალისტური ნარატივის გვერდებს შორის" - წერს Isfed-ი.

დეზინფორმაციის გავრცელება

24 ივნისს ზოგიერთ ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდზე დასპონსორებული პოსტების სახით განთავსდა სავარაუდოდ ყალბი ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით. პოსტში ნათქვამი იყო, რომ მერაბიშვილმა წერილი ციხიდან გამოაგზავნა, რაც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მისმა მეუღლემ, თაკო სალაყაიამ, გამოაქვეყნა. "ტვიტერზე" თაკო სალაყაიას გვერდი საერთოდ არ იძებნება. ამავე დროს, "ტვიტერი“ არ იძლევა ამ მოცულობის ტექსტის განთავსების საშუალებას. აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც ერთ სანდო მედიას. გავრცელებულ ყალბ განცხადებაში დაგმობილი იყო პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება და გაზიარებული იყო მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომის მოთხოვნა.

ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკა

Isfed-ი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ 22 ივნისს "ფეისბუქზე“ მოჩვენებითად მხარდამჭერი ყალბი გვერდიც შეიქმნა. მსგავსი ტაქტიკის გამოყენების შემთხვევები სამართლიანმა არჩევნებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც გამოავლინა. 

"საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული იქნა ისეთი გვერდები, რომლებიც სახელწოდებისა და პოსტების შინაარსის მიხედვით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რომელიმე კანდიდატს ან პარტიას უჭერდნენ მხარს, თუმცა პოსტების შინაარსის გაანალიზების, გზავნილების შედარების, დასპონსორების ხარისხისა და მოქმედების სტრატეგიაზე დაკვირვების შედეგად ცხადი იყო, რომ სინამდვილეში მათი სამიზნე სწორედ ის სუბიექტები იყვნენ, ვისი სახელითაც მოქმედებდნენ.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ შექმნილი შენიღბული ცრუ მხარდამჭერი გვერდი მოქმედებს სახელწოდებით "მე ვენდობი“. ამ დროისთვის გვერდზე ერთადერთი პოსტია გამოქვეყნებული, რომელიც გვერდის შექმნის დღესვე განთავსდა და დასპონსორდა. პოსტში მოცემული იყო "ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს ლიდერების ფოტოები ჰეშთეგით - #მევენდობი. მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდი მოუწოდებდა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს, რომ მათაც ნდობა გამოეცხადებინათ წარმოდგენილი პოლიტიკოსებისათვის, რათა ერთად მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის.

მოჩვენებითად მხარდამჭერ გვერდზე განთავსებულ დასპოსნსორებულ პოსტზე ინტერაქციის ჯამურმა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. მათ შორის პოსტზე 3400-ზე მეტი კომენტარი განთავსდა, რომელთა უმრავლესობა ეჭვქვეშ არ აყენებდა პოსტის ნამდვილობას და უარყოფითად ეხმაურებოდა წარმოდგენილ მოწოდებას" - აღნიშნავს სამართლიანი არჩევნები.

ცრუ მედიის გვერდები

აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია დისკრედიტაციულ გვერდებთან ერთად, ცრუ მედიის გვერდებზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქ განთავსებულ კონტენტს, ერთი შეხედვით, ახალი ამბების სახე აქვს. Isfed-ი წერს, რომ ცრუ მედიის მოქმედების ტაქტიკა უცვლელია. ამ გვერდებზე არაპოლიტიკურ საკითხებზეც ქვეყნდება პოსტები, თუმცა ყველა დასპონსორებული პოსტის ქვეტექსტი ხელისუფლების მხარდაჭერა ან მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაა.

ცრუ მედიის გვერდებმა აქციების დისკრედიტაციასთან ერთად, გიორგი გახარიას მხარდამჭერი დასპონსორებული კამპანიაც წამოიწყეს. განთავსდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც მოცემული იყო გახარიას მხარდამჭერი "ფეისბუქის“ ჯგუფის ან პეტიციის ბმული. პოსტში მოცემული იყო, რომ მოქალაქეები გახარიას მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

"ნათლად იკვეთება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანიას, როგორც სხვა შემთხვევებში, ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს. ამ პროცესში სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენება: მადისკრედიტირებელი პოსტების გამოქვეყნება, ცრუ მედიის გვერდების მიერ ცალმხრივი ინფორმაციის განთავსება, ყალბი ახალი ამბების გავრცელება და მოჩვენებითად მხარდამჭერი, შენიღბული ყალბი გვერდების შექმნა. ყველა შემთხვევაში აღნიშნულ კამპანიას დასპონსორებული სახე აქვს. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ჩნდება კითხვები სავარაუდოდ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ან მის სასარგებლოდ, არადეკლარირებული უკანონო თანხების გამოყენების თაობაზე. ამავე დროს, აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართება დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზეც. აქ დასპონსორებულ კამპანიას იშვიათად აქვს ადგილი, თუმცა გამომწერთა დიდი რაოდენობის გამო მათ მიერ გავრცელებული პოსტები ინტერაქციის მაღალ დონეს აღწევს" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

13 დღეა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები