ანტისაოკუპაციო აქცია

რუსთაველის თეატრი: საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი დღეს 140-ე სეზონს სპექტაკლით "ბედი ქართლისა" ხურავს.

თეატრის ოფიციალურმა Facebook გვერდმა სპექტაკლის ანონსის პოსტს თან დაურთო - "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ".


ფოტო: facebook.com/theatrerustaveli/

გუშინ, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის".

რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი დიდი ენთუზიაზმით აიტაცა რუსულმა მედიამ. ისინი წერენ, რომ "ქართველი და რუსი მსახიობი, მოსკოვის თეატრის Et Cetera-ის მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა, თბილისში საპროტესტო აქციებზე წერს".

20 ინვისს, პარლამენტის წინ, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. შეკრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალეს. მოქალაქეები პარლამენტის წინ 21 და 22 ივნისსაც შეიკრიბნენ, სადაც აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოქალაქეები პარლამენტის წინ, 7 საათზე, იგივე მოთხოვნებით დღესაც იკრიბებიან.

კომენტარები