აქცია პარლამენტთან

ეთიკის ქარტია: აქციის დაშლისას, ამ დროის ინფორმაციით, მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა

ლაშა ქავთარაძე

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ამ დროისთვის 31 ჟურნალისტის იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავდა. 

  1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
  2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
  3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
  4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
  8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
  9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
  10. მაკა ანთიძე - როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
  11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
  12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
  13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
  14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
  15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
  16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
  17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია; 
  19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალიტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
  21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
  22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
  23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
  27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია;
  28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  29. ილია სამურგანიდი - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  30. თორნიკე კოშკაძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
  31. ეკა აბაშიძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა ხელში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 21 ივნისს, შსს-ის შენობასთან აქციას გამართავს და ყველა ამ შემთხვევის გამოძიებას მოითხოვს. 

______________________________________________________________________________________

20 ივნისს პარლამენტთან ანტირუსული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა. 

მოქალაქეების პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ამ ასამბლეის თავმჯდომარეა. გავრილოვს 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, 20 ივნისს კი სამუშაოს სხდომები პარლამენტის შენობაში გაგრძელდა. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. 

მოქალაქეები ამის გასაპროტესტებლად ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი და ოპოზიციის პროტესტის შედეგად იქ ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა სწორედ აქ გადაინაცვლეს. ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვი კვერცხების და წყლის ბოთლების სროლით და გინებით გააცილეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადმოინაცვლეს, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ. 

აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ. 

მოთხოვნები ასეთი იყო: ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომა. 

აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა, რომ პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ და კობახიძის გადადგომა იქ გაეგრძელებინათ. 

პოლიტიკოსებმა მმართველ გუნდს მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მათ პასუხი არ გასცა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მმართველ გუნდს 12 საათამდე დალოდებოდნენ და შემდგომი ნაბიჯები მოეფიქრებინათ. 

თუმცა, ნიკა მელიამ მაშინვე მოუწოდა შეკრებილებს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილს სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები, ფარები და ხელკეტები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ დროს გაუშვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც. 

ესროდნენ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, არამედ განურჩევლად ყველას, მათ შორის, გაქცეულებს, დამიზნებით და ახლო მანძილიდან. 

კომენტარები