არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

აშშ-ის საელჩო: არ ვაღიარებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებს

"შეერთებული შტატები არ აღიარებს ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გაიმართა და არც მის შედეგებს," ამერიკის საელჩო გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა," - წერია განცხადებაში. 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 

ე.წ სამხრეთ ოსეთში 73 უბანი იყო გახსნილი, ერთი უბანი მოსკოვში, ორი უბანი ჩრდილოეთ ოსეთში ხოლო ერთი - ოკუპირებულ აფხაზეთში.

დე ფაქტო მთავრობამ 8 ივნისიდან 11 ივნისამდე საოკუპაციო ხაზზე არსებული პუნქტები დაკეტა.

კომენტარები