მეორე ტური მთაწმინდაზე

მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ დობორჯგინიძე (დობო) შენიშნეს

ევროპული საქართველო

მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ დობორჯგინიძე (დობო) შენიშნეს.

დობორჯგინიძე 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ შსს აცხადებდა, რომ დაკავებული ბრალს აღიარებდა და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ამასთან, "დობო" წარსულში ე.წ სადახლოს მკვლელობის საქმეშიც იყო ბრალდებული.

ის ასევე არის ყოფილი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დემეტრაძის მეგობარი, რომელიც 2010 წელს ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით დააკავეს.


ფოტო: ევროპული საქართველო

"ის მოძრაობს ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი დემეტრაძესთან ერთად, მე-13 მე-14 უბნებზე და იქ აკონტროლებს ქუჩაში ვითარებას. ბატონი დობორჯგინიძე ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. მისი სახელი ასევე უკავშირდება სადახლოში მომხდარ ხმაურიან მკვლელობას. ჩვენ გვაინტერესებს ქართული ოცნების პოლიტიკოსებისგან, ასევე პოლიციისგან, ეს ადამიანი რას აკეთებს საარჩევნო უბნებთან.

მე არ ვიცი, შეიძლება გიორგი ვოლსკისთვის ან არჩილ თალაკვაძისთვის კომიკურია ის, რაც ხდება, მაგრამ ტრაგიკულია საქართველოს მოქალაქეებისთვის. იმიტომ რომ, როდესაც ხელისუფლება ასეა შერწყმული კრიმინალთან, იყენებს კრიმინალს საარჩევნო პროცესში, ამის საფასურის გადახდა უხდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის გაძარცული, დაყაჩაღებული ბინები და ადამიანები. სწორედ ეს არის ამ ალიანსის შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მთაწმინდა არ არის ის უბანი, სადაც შეიძლება კრიმინალების და ხელისუფლების გაერთიანებამ ადამიანები შეაშინოს", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები