სანდრა რულოვსი

"დაგეხმარებით ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში," - რულოვსის ბოლო მიმართვა ამომრჩეველს

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ბოლო წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს. რულოვსი ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"ჩემო ზუგდიდელებო ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე მას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდაბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა, ზრუნვა და მოფერება და მე მზად ვარ დავუთმო მას მთელი ჩემი რესურსი. იცით რომ 25 წელია მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდით და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როდესაც ვხედავ რა მოუტანა 7 წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს. უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან. ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში. აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით. ჩემს და თქვენ სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება. ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი და მითუმეტეს ვერ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და არ იყოს მბრძანებლის მონა და მსხვერპლი. ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და ხალხთან ერთად გადავაქციოთ ზუგდიდი საქართველოს ევროპულ კარიბჭედ სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად. სადაც ემიგრანტები დაბრუნდებიან და ადამიანები დასაქმდებიან და მიაღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ხვალ ყველანი მოდით არჩევნებზე, ახლა მთელ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი. მე ვგრძნობ ამ უზარმაზარ პასუხიმგებლობას, თქვენი ხმა ზუგდიდის მომავალს ქმნის და აჩვენებს მთელ ქვეყანას მაგალითს. აქ სამეგრელოში საქართველოს ბედი წყდება, ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება," - ამბობს რულოვსი მიმართვაში. 

საქართველოში შუალედური არჩევნები ხვალ, 19 მაისს გაიმართება. 

კომენტარები