რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ირანის ორმა მოქალაქემ ნარკოტიკი საქართველოში "სხეულში დამალვის გზით" შემოიტანა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" და 51,3823 გრ. "ჰეროინი", ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. "ჰეროინი", - ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს, რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და უკანონო შენახვის მუხლებით წარედგინათ.