გიორგი მამალაძეს საქმე

"შორენამ პატრიარქის ნება გადაწონა" - მამალაძის ოჯახმა საპატრიარქოსთან აქცია გამართა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. ოჯახის წევრები საპატრიარქოს სთხოვენ, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართონ.

"დაგვიბრუნეთ მამა… მამა გვენატრება… ნუ დაგვაობლებთ." - ვკითხულობთ დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების ლოზუნგებზე.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩარევით საპატრიარქოში გადაწყვეტილება შეცვალეს.

დეკანოზის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

"მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ, მან პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, მოხდება ჩემი ძმის შეწყალება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება," - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მარტში მიმართა. იქამდე, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და ითხოვდა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში არ მოხვდა. 27 აპრილს კი დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ თქვა რომ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას.

კომენტარები