სასამართლო რეფორმა

პრეზიდენტი: ფარული კენჭისყრის გაუქმებაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უხერხულობას ქმნის

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, კანონპროექტში ვენეციის კომისიის ოთხი რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული. სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ გავითვალისწინეთ", მოსამართლეების არჩევის ფარული კენჭისყრის წესის გაუქმებაა. მისი თქმით, "ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია". რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, ხოლო შემდგომი ნაკადი 2020 წლის არჩევნებით მოსულმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ "ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრება არის, ვიდრე სამართლებრივი მოსაზრება".

"პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას. ამ ცვლილებამ ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება და არც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა.

ამიტომ, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია - დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია.

  1. მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება;
  2. იუსტციიის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე.
  3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენა, ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია.

ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ გავითვალისწინეთ, ეხება მოსამართლეების არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 19 აპრილს დაუჭირა.

ქართულმა ოცნებამ კომისიის მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა. კერძოდ ამოიღო ის ნაწილი, რომელიც კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს, ასევე რეკომენდაციაც, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, თუ მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის სხვა მოსამართლეების არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

ე.წ. კობახიძის კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

მას ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებენ და "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ. გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კრიტიკული დასკვნებიც.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები