მოსამართლეზე ზეწოლა

სალაძე: ერთ-ერთ მოსამართლეს კაბინეტში უცენზურო ფოტო დახვდა, ეს იყო მასზე ზეწოლის მცდელობა

სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი, სულხან სალაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსამართლეზე ზეწოლას ახდენენ. 

მისი თქმით, მოსამართლეს, რომლის ვინაობასაც არ ამხელს, კაბინეტის კარები დაუდგენელმა პირებმა გაუტეხეს და სამუშაო მაგიდაზე უცენზურო ფოტო დაუტოვეს. საიას თავმჯდომარის შეფასებით, ეს დამოუკიდებელ მოსამართლეებზე ზეწოლაა.

"ეს ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა საუბარი, როგორც ამბობდა ეს იყო ჩაკეტილი ოთახი, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა. მეორე დღეს დახვდა ღია და სამუშაო მაგიდაზე იყო ფურცელი ამობეჭდილი პრინტერიდან, სადაც უცენზურო რაღაც გამოსახულება იყო წარმოდგენილი. მოქმედი მოსამართლეა. ეს იყო შეტყობინება და მესიჯი კონკრეტული მოსამართლის მისამართით, რომ მას უნდა სცოდნოდა სად იყო მისი ადგილი და მას უნდა სცოდნოდა რომ ვინ არის სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი",- ამბობს სალაძე რუსთავი2-თან საუბარში. 

სალაძის თქმით, მას არ შეუძლია დეტალებზე საუბარი, ან თუ უკავშირდებოდა ეს შემთხვევა კონკრეტულ საქმეს, რადგან აღნიშნულ მოსამართლესთან კონფიდენციალური საუბარი ჰქონდა. თუმცა, აღნიშნავს რომ მოსამართლე გავლენიანი ჯგუფის წევრი არ არის. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თემაზე თქვა, რომ "პირველად ესმის".

"რა გიპასუხოთ არ ვიცი. პირველად მესმის რასაც ახლა მეუბნებით. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ისე რას ნიშნავდა ვერ გეტყვით",- აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები