არჩევნები 2019

"სტუმარი არის ღვთისგან" - მეუფე პეტრე სამეგრელოში ივანიშვილთან შეხვედრაზე

რადიო ფორტუნა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას, თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში ტაძრის მოსალოცად მივიდა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

"ამას ვაფასებ, როგორც მომლოცველობას,"- ამბობს მეუფე პეტრე. 

მიტროპოლიტის თქმით, მას შეატყობინეს, რომ ივანიშვილს ეპარქიისა და ჭყონდიდის ტაძრის მოლოცვა სურდა. 

"მიმაჩნია, რომ ყველა ქართველი ისე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, არ გაცივდეს ჩვენში ეს დიდი აზროვნება ქართველისა და ქართველობა, რომ სტუმარი არის ღვთისგან მოსული ადამიანი, ნებისმიერი სტუმარი, და ვალდებულები ვართ, ასე მივიღოთ", - თქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან ივანიშვილთან რამდენიმე სახელმწიფოებრივ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მკვლელობაზეც. ამასთან, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ივანიშვილთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზეც ისაუბრა.

29 მარტს ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ხიბულაში ჩავიდა და მოსახლეობებს წყლის და გაზის პრობლემების მოგვარდა. ივანიშვილი მათ ასევე ეკლესიის აშენებაში დახმარებასაც დაპირდა. 

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები სოფელ ხიბულაში გაატარა. სახლს, სადაც გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყნის დიდი სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის დადგენილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა. პრემიერმა 28 მარტის ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ფოსტა საფოსტო მარკას გამოსცემს, ხოლო განათლების სამინისტრო "ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის" ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიურ პრემიას დააწესებს, ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, წიგნები და ფოტოები. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარების სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით 2015 წელს განახლდა. 2018 წლის დეკემბერში საქმეზე ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, თუმცა, პირველი პრეზიდენტის შვილების შიმშილობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პარლამენტს, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა. საკანონმდებლო ორგანომ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა.

კომენტარები