არჩევნები 2019

"ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე

ტაბულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დაკვირვებით, ლაგოდეხში, მარტვილსა და ადიგენში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, ყველა (შვიდივე) საარჩევნო უბანზე, "მასიური სახე ჰქონდა ქართული ოცნების კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას". აღსანიშნავია, რომ მარტვილსა და ადიგენში კენჭს მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატი იყრიდა. ლაგოდეხში სამი კანდიდატი მონაწილეობდა - ქართული ოცნების, ევროპული საქართველოს და მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის წევრები. Isfeed-ი საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ლაგოდეხის 4 საარჩევნო უბანზე, მარტვილის 2 საარჩევნო უბანზე და ადიგენის 1 საარჩევნო უბანზე დააკვირდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ქართული ოცნების კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებსა და საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებულ მაგიდებთან აღრიცხავდნენ.

"მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა, ამომრჩეველმა აღიქვას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე. 

სამართლიანი არჩევნები მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ წარსულში ზემოთ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდების და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვის შემთხვევები კვლავ განმეორდა და მასშტაბური სახე ჰქონდა" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე აქტივობა 57,06 % (2413 ამომრჩეველი) იყო, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის 1 საარჩევნო უბანზე - 60,5 % (887 ამომრჩეველი), ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის 2 საარჩევნო უბანზე - 51,22 % (565 ამომრჩეველი).

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სამივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. მარტვილსა და ადიგენში არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატები იღებდნენ, შესაბამისად, მათ ხმების 100% აქვთ. რაც შეეხება ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქს, იქ დათვლილია ოთხიდან ორი უბნის მონაცემები - ქართული ოცნების კანდიდატს ომარ შველიძეს ხმების 83.4% აქვს, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატს მალხაზ მელაშვილს - 16.21%.

კომენტარები