სოციალური მუშაკების გაფიცვა

ელენე ხოშტარიამ სოც. მუშაკების გაფიცვის საკითხი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დააყენა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხი დააყენა. 

ხოშტარიამ სოფიო კილაძეს მოუწოდა, რომ მან, როგორც პარლამენტის წევრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართოს მთავრობას და სოციალურ მუშაკებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდოს. 

"ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, დღემდე რა დამოკიდებულებაც გამოჩნდა ამ ადამიანების მიმართ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ ამ უგულებელყოფას, რაც ახლა ხდება. ისინი მთელი დღეა ითხოვენ, რომ ვინმე ჩავიდეს და დაელაპარაკოს და ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე შრომობენ ბავშვთა უფლებებისთვის, არ იმსახურებენ, რომ ასე ქუჩაში იყინებონდნენ,"- თქვა ხოშტარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 25 მარტს გაჟღერებული პოზიცია უწყების მხრიდან თავის მოტყუებაა.

"რაც თქვა ახლა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მუშაობა მიმდინარეობს, შეფერხებები არ ყოფილაო, ქ-ნო სოფიო, თქვენ, ალბათ, გესმით, რომ როდესაც სხვა პროფესიის ადამიანებს შეიყვანენ ამ ფუნქციების შესასრულებლად ოთახებში, ეს არანაირი გადაჭრა არ არის. ეს არის თავის მოტყუება, რომ ვითომ ეს სამსახური მუშაობს. ჩემი მთელი პატივისცემისდა მიუხედავად სხვა პროფესიებისადმი, პარლამენტარი იქნება ეს, ბუღალტერი თუ იურისტი, იმას რომ დაუსვამ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ან შშმ-ს, ეს არ ნიშნავს, რომ სამსახური მუშაობს. 

არ ვიცი ჯიბრში უდგება სერგეენკო, არ ვიმჩნევთ, რომ ეს ადამიანები იქ ასე დგანან, ამიტომ, გთხოვთ, რომ პარლამენტი ჩაერიოს კონკრეტული მოთხოვნით. პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოხდეს, რომ ამ ადამიანებს მოუსმინონ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

სოფიო კილაძემ ხოშტარიას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ვის-ვის და, ამ კომიტეტს ნამდვილად ესმის ამ პროფესიის მნიშვნელობა". კილაძის თქმით, გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანად მიაჩნია, თუმცა ამასთან აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ფულადი რესურსი იმ ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ სფეროში არსებობს. 

"სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ შევხედეთ ამ რეფორმის შექმნისას, რომ სახელმწიფოს წლევანდელი წლისთვის ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ეს ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლიდან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად,"- თქვა კილაძემ. 

კილაძის თქმითვე, სოციალური მუშაკები მის კომიტეტს არ დაკავშირებიან და მისთვის პროცესში ჩართვა არ უთხოვიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ამ საკითხზე მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და ის "კონსენსუსის ლუფტს" ხედავს. 

"ჩვენთან, კომიტეტთან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ რაიმე ფორმით ჩავრთულიყავით, თუმცა მე მქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და აქ არის კონსენსუსის ლუფტი, ასე ვთქვათ, და მოხდება შეჯერება ამ საკითხებთან დაკავშირებთ, რომ მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს ასევე სახელმწიფოს ინტერესებიც გათვალისწინებული, რომ ნამდვილად დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, სამწუხაროდ,"- ამბობს კილაძე. 

სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი და აქციას მართავს. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა". 

კომენტარები