სავალდებულო სამხედრო სამსახური

ნაკაიძე: სესიაშვილმა აღიარა, რომ ინიციატივის წარდგენამდე დისკრიმინაციაზე ნაკლებად იფიქრა

ირაკლი სესიაშვილი
ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ტაბულასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. 

სესიაშვილი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს 19 მარტს შეხვდა, რათა მათთან ერთად ემსჯელა თავის ინიციატივაზე, რომელიც მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული იყო. მისივე თქმით, რელიგიური ორგანიზაციები შეეცადნენ სესიაშვილისთვის იმის ახსნას, თუ რატომ იყო მისი ინიციატივა დისკრიმინაციული სხვა რელიგიების მიმართ. 

"რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა არგუმენტები, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო ჯარი, შესაბამისი გაწვევის ფორმა, კრიტერიუმები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გვესმის, მაგრამ ჩვენც დავაფიქსირეთ აზრი, რომ უსაფრთხოების თემა იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ დისკრიმინაციას ხელი შევუწყოთ და ასეთი მიდგომა ნორმალურად ვაქციოთ,"- ამბობს ნაკაიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ტარიელ ნაკაიძისვე თქმით, ირაკლი სესიაშვილი რელიგიურ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ, 25 მარტს შეხვდება. 

"ჩვენც ჩამოვყალიბდებით იქამდე, რა გვინდა და რა ფორმით არის შესაძლებელი მსგავსი პრობლემიდან გამოსვლა და კიდევ გვექნება შეხვედრა. შესაბამისად, ჩამოვყალიბდებით. ერთი რამ არის ფაქტი, რომ მასაც არ მოსწონს დისკრიმინაციული მიდგომა. აღიარა, რომ ამ მიმართულებით უფრო ნაკლებად ჰქონდა ნაფიქრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უფრო მეტად ვიცით, რადგან უშუალოდ ჩვენ გვეხება და, შესაბამისად, უფრო კარგად ავუხსენით ეს თემები,"- ამბობს ნაკაიძე. 

13 მარტს ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ.

ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემულ მღვდელმსახურის მოწმობებს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა "ფსევდორელიგიურმა" სასულიერო პირებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ვერ შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის და რელიგიური ორგანიზაციებისთვის. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება გააკეთა. დისკრიმინაციასა და სეკულარიზმის საფრთხის წინაშე დაყენებაზე საუბრობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძეც.

კომენტარები