საქართველოს პარლამენტი

ბაქრაძე: არ დავესწრებით ზურაბიშვილის გამოსვლას, რადგან ის გაყალბებული არჩევნების სიმბოლოა

ტაბულა

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ თქვა. 

ბაქრაძემ პარტიის ბოიკოტის მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ზურაბიშვილი იმ არჩევნების სიმბოლოა, რომელიც ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, მოსყიდვით და კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით ჩატარდა.

" ზურაბიშვილი არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ, პროტესტის ნიშნად, არ ვაპირებთ დავესწროთ დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, რადგან სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო იმ არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვა. მიგვაჩნია ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი"- ამბობს ბაქრაძე. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის მოხსენებას არ ესწრება ნაციონალური მოძრაობაც. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. 

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის. სხდომას მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც ესწრება.

კომენტარები