კახიძე ბატიაშვილს: ია კერზაიაზე ფაქტები დაამახინჯეთ, რად გიღირთ ეს თანამდებობა?

პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატის ოთო კახიძის თქმით, განათლების მინისტრმა ია კერზაიასთან დაკავშირებით ფაქტები დაამახინჯა და საზოგადოებამ მიხეილ ბატიაშვილისგან "ტყუილების კასკადი" მოისმინა. მან განათლების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლების მინისტრმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია თანამდებობიდან 22 ნოემბერს გაათავისუფლა.

"ია კერზაიას ახსნა-განმარტება თარიღდება 22 ნოემბრით, სადაც საუბრობს, რომ პრობლემები არის სრულიად ტექნიკური ხასიათის. და ყველაზე მთავარი, განათლების მინისტრმა 22 ნოემბერს გამოსცა ბრძანება N474, რომლის მიხედვითაც, ია კერზაია გათავისუფლდა თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მიხედვით, ბრძანება არის სარეკომენდაციო ხასიათის და საბოლოო სიტყვა სამეურვეო საბჭოს ეკუთვნოდა. ოღონდ, 22 ნოემბერს, ბატონო მინისტრო, თქვენ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ" - მიმართა კახიძემ მიხეილ ბატიაშვილს.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, სამეურვეო საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გაასაჯაროვა, აქედან ორ დღეში კი, ია კერზაია ცუდად გახდა.

"რასაც ერთ კვირაში მისი გარდაცვალება მოჰყვა, ამიტომ ვერ დაშალეთ თქვენ სამეურვეო საბჭო, ამიტომ ვერ გაათავისუფლეთ საბოლოოდ თანამდებობიდან ქალბატონი ია და არა იმიტომ, რომ რაღაცა მორალური გადაწყვეტილება მიიღეთ. ყველამ იცოდეთ, რომ 22 ნოემბერს მინისტრმა ია კერზაიას გათავისუფლების ბრძანება გასცა... ბატონო მინისტრო, რად გიღირთ ეს თანამდებობა?" - ჰკითხა კახიძემ მიხეილ ბატიაშვილს.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრს ამ დრომდე უსმენენ. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მან გაითვალისწინა სამეურვეო საბჭოს და ია კერზაიას წერილი და სკოლის დირექტორი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. 

"ვიხელმძღვანელეთ ისევ მორალური პრინციპიდან და გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამ მოიწერა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დარღვევები გაასწორეს" - თქვა მინისტრმა. მისი მტკიცებით, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ბუნებაში არ არსებობს. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

თავად ია კერზაია facebook-ზე წერდა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები