კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, ვინც ე.წ კანონიერ ქურდს მიმართა და მოქალაქეებს თანხა გამოსძალა

სამართალდამცველებმა ე.წ კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ბრალდებულმა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა.

"ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული "ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია გასული წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, "კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული"  აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ. ლანჩხუთში, საკუთარ სახლში დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.

კომენტარები