სქესობრივი დანაშაული

შსს: არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის 2018 წელს 116 პირი ვამხილეთ

ebru.co.ke

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს უწყების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 ადამიანი ამხილეს.

​შსს-ში ამბობენ, რომ ამ 116 ადამიანიდან უმეტესობას ბრალი ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში. ზუსტი რაოდენობები ასეთია:

  • გაუპატიურება (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) - 4 ადამიანი;
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი) - 2 ადამიანი;
  • გარყვნილი ქმედება (სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი) - 24;
  • 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი (სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი) - 86.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებთან ბრძოლა და მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და ამ ტიპის დანაშაულის პრევენციის 
მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის სხვადასხვა უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

"მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

"სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური 
მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა", - აღნიშნავენ შსს-ში.

ცნობისთვის, გუშინ, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გორში, შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

კომენტარები