რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლში სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ხაზთან ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული პირი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილია.
მამა დავით ჭიღლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საღამოს საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
"მინდორი, საიდანაც მამა დავითი წაიყვანეს საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება. მას ყანაში, თანასოფლელებთან ერთად, თაგვის წამალი შეჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ადამიანთან ერთად იყო, მაგრამ ყველამ მოასწრო გამოქცევა. მამა დავითი კი წაიყვანეს. ინფორმაცია მის ოჯახსაც აქვს. ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან სამართალდამცველები. როგორც ვიცით, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს" – განაცხადა მამა დავით ჭიღლაძემ.
საზმაუს ცნობით, მამა დავითი ოკუპირებული სოფელი ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს.





