ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს ყველა ქვეყანას და მათ შორის რუსეთსაც, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს საქმეზე ეროვნული სასამართლოები.
„გვაქვს ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია გახლავთ ადამიანს უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. ეს კონვენცია ძალაშია შესული რუსეთთან მიმართებაში და რაც არ უნდა გადაწყვიტოს რუსეთის, საფრანგეთის და საქართველოს და სხვა ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულმა სასამართლოებმა, ევროპული კონვენცია მაინც რჩება ძალაში. შესაბამისად, მისი 46-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ევროპული სასამართლო სახელმწიფოსთან მიმართებაში გამოსცემს გადაწყვეტილებას ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, ის შეასრულოს, ეს ვალდებულება არის ძალაში,“ - თქვა თეა წულუკიანმა.
16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის სახელმწიფოს ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე 1 500 ქართველისთვის კომპენსაციის სახით 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ, 31 იანვარს გამოიტანა.





