უზენაესი სასამართლო

მურუსიძე: მგონი ანგარიშს არ უნდა ვაბარებდეთ, რატომ შევხვდით დიდი ხნის მეგობრები

ტაბულა

სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ის სხვა გავლენიან მოსამართლეებს მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალების საკითხზე სასაუბროდ შეხვდა. 

მისივე თქმით, ისინი მეგობრები არიან და რატომ შეხვდნენ - ანგარიშს არავის უნდა აბარებდნენ. 

"ჩვენ ვართ რამდენიმე წელია დიდი ხნის მეგობრები. წესით, მე მგონი, ანგარიშსაც არ უნდა ვაბარებდეთ მეგობრები, რატომ შევხვდით და როგორ შევხვდით. ერთ ჩვენს საერთო მეგობარს ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ვსაუბრობდით, რამე დახმარება ხომ არ აღმოგვეჩინა მისთვის", - თქვა ლევან მურუსიძემ

მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალების საკითხი გავლენიან მოსამართლეებთან შეხვედრის მიზეზად დაასახელა ქართული ოცნების წევრმა, ვანო ზარდიაშვილმაც

ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გუშინ საღამოს შეხვდა. 

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ზემოთ დასახელებულ მოსამართლეებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და სასამართლო სისტემაში მათ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. 

კომენტარები