წითელა

იმნაძე: გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა

გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა. 

იმნაძე ამბობს, რომ წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. 

"ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისათვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ისევ ყველაზე მეტ შემთხვევები არის თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში. მოგეხსენებათ, დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა",- ამბობს პაატა იმნაძე. 

ცნობისთვის, წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. 

წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით უფასო  ვაქცინაციის გაკეთება შესაძლებელია თბილისში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხესა და შიდა ქართლში. 

სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც წითელას ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ არის შესაძლებელი, ნახეთ აქ.

რა არის წითელა და თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

 

კომენტარები