წითელა

წითელას შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოს ყველა რეგიონში

www.takepart.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს წითელას შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. წითელას ეპიდემიური აფეთქებები მსოფლიოს ყველა რეგიონში მოხდა და სიკვდილის 110 000-მდე შემთხვევა გამოიწვია. 

წითელა სერიოზული და უკიდურესად გადამდები დაავადებაა, რომელსაც შესაძლოა მძიმე და ფატალური გართულებები მოჰყვეს, როგორებიცაა ენცეფალიტი (ტვინის მწვავე ანთება), გაუწყლოება და დიარეა, პნევმონია, ყურის ინფექციები და პერმანენტული სიბრმავე. ახალშობილები, კვების დეფიციტის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პატარა ბავშვები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან ინფექციის გართულებების მიმართ. 

"წითელას დაბრუნება სერიოზული პრობლემაა. ეპიდემიური აფეთქებები მოხდა იმ რეგიონებში და ქვეყნებში, რომლებიც ახლოს იყვნენ წითელას აღმოფხვრასთან. "- ამბობს დოქტორი სუმია სვამინათანი, ჯანმოს პროგრამების დირექტორის მოადგილე. 

დაავადების პრევენცია შესაძლებელია უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის ორი დოზით. თუმცა, რამდენიმე წელია, წითელას ვაქცინის პირველი დოზის დაფარვა მსოფლიოში 85%-ზე გაიყინა. ეს გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე 95%, რომელიც საკმარისია ეპიდემიური აფეთქებების პრევენციისთვის. მეორე დოზის მაჩვენებელი კი 67%-ზეა გაჩერებული.  

ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც დეზინფორმაცია წითელას ვაქცინების შესახებ განსაკუთრებით აშკარაა, ვაქცინების დაფარვა 70%-ზე ნაკლებია. 2018 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპაში, ამ იოლად პრევენცირებადი ვირუსული დაავადების 41 000 შემთხვევა გამოვლინდა და 37 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ ექვს თვეში 1000-ს გადააჭარბა. 

წითელას შემთხვევების ზრდა პრობლემურია, თუმცა არაა გასაკვირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფექციის დაბრუნების მიზეზებად ასახელებს თვითკმაყოფილებას, ევროპაში ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას, ვენესუელას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს და აფრიკაში იმუნიზაციის დაფარვის დაბალი დონეს. 

ეს ფაქტორები ერთმანეთს შეერწყა და წლების განმავლობაში მიმდინარე პროგრესის შემდეგ წითელას გლობალური დაბრუნება გამოიწვია. ჯანმოს თანახმად არსებული სტრატეგიები უნდა შეიცვალოს: მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს რუტინული იმუნიზაციების ზრდაში და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად შევეჩეხებით ახალ ეპიდემიურ აფეთქებებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს მდგრადი ინვესტიციებისკენ იმუნიზაციის სისტემების და რუტინილი ვაქცინაციების სერვისების გაძლიერებაში. ანგარიშის თანახმად, ეს ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ყველაზე ღარიბ, მარგინალიზებულ საზოგადოებებზე, იმ ხალხის ჩათვლით, რომელიც კონფლიქტმა და იძულებითმა გადაადგილებამ დააზარალა.  

1963 წლამდე წითელას ვაქცინა არ არსებობდა, მსოფლიოში მუდმივად ხდებოდა დაავადების ეპიდემიური აფეთქებები და ყოველწლიურად 2.6 მილიონ სიკვდილს იწვევდა. 2000 წლის შემდეგ წითელას ვაქცინამ 21 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა და 17 წელში სიკვდილიანობა 80%-ით შეამცირა.

კომენტარები